… და ჩემი მასაჟისტის ისტორია

რამდენიმე წლის წინ მასაჟებზე დავიწყე სიარული.  ისე, კონკრეტულად არავისთან. შესაბამის დაწესებულებაში მივედი და ერთ თეთრ, წყნარი მუსიკით აღსავსე და ჩაბნელებულ ოთახში გამამწესეს. ჩემს მასაჟისტს პირველი სეანსის დროს ხმა არ ამოუღია, უჩუმრად მუშაობდა. მე ვცდილობდი სახეში შემეხედა, მაგრამ საბოლოოდ მაინც ვერ ჩამოვყალიბდი როგორი ქალი იყო. გავაკეთე რამდენიმე სხვადასხვა სახის ნაცადი შენიშვნა: ცოტა ვუთანაგრძნე (რომ ალბათ როგორი ძნელია დღის განმავლობაში ამდენ სხვადასხვა სახის ადამიანთან მუშაობა), ცოტა შევაქე (რომ ოქროს ხელები აქვს), ცოტა ვიწუწუნე (თუ როგორი დაკავებული ვარ და ძლივს გამოვნახე დრო მასაჟისთვის), მაგრამ მისი მხრიდან რეაქცია არ იყო, რამაც ჩემში იმედგაცრუება და ამავე დროს, ზომიერი ცნობისმოყვარეობა გამოიწვია. მასაჟისტები ხომ ენაწყლიანი და მხიარული ხალხია. ყოველ შემთხვევაში, მაშინ ასე ვფიქრობდი.

მეორე სეანსზე გავარკვიე, რომ თურმე ჩემი მასაჟისტის სახელი ნიტა ყოფილა. ნიტა!  არაა შეუფერებელი სახელი? ვერ გეტყვით, რა შეიძლება და უნდა ერქვას მასაჟისტს, მაგრამ რომ ნიტა _ არ, ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ.

ჩემი ცნობისმოყვარეობა სეანსიდან სეანსამდე მატულობდა, სანამ პიკს არ მიაღწია, როდესაც ერთხელ სხვა მომსახურე პერსონალთან მოცინარ-მოხითხითეს არ შევუსწარი. ჩემს ოთახში შესვლისთანავე მოიწყინეს და ნელ-ნელა თავიანთ საქმეს დაუბრუნდნენ. მე კიდევ მეგონა, რომ უბრალოდ უჟმურ მასაჟისტთან მქონდა საქმე. ვგრძნობდი, რომ ჩემი მასაჟებიდან, რომლებსაც თავიდან ასე ველოდი და მიხაროდა, დაღლილი და ნაღვლიანი გამოვდიოდი. დღის განმავლობაში ბევრს ვფიქრობდი ჩემს მასაჟისტზე და ვერაფრით გამეგო, თუ რატომ არ მოვწონდი. მე ხომ ყველას მოვწონვარ.

შევუთხზე სხვადასხვა სახის პირადი ცხოვრება:

–       რომ ჩემი მასაჟისტი მრავალშვილიანი დედაა ლოთი ქმრით და ავი დედამთილით;

–       რომ ჩემი მასაჟისტი გაუთხოვარია და ცხოვრებაში არც თაყვანისმცემელი ჰყოლია;

–       რომ ჩემი მასაჟისტი ახალგაზრდობაში შეაცდინეს, შემდეგ ორსული მიატოვეს და მას მერე გახდა ასეთი უჟმური;

–       რომ ჩემი მასაჟისტი ბოზია და მდიდარ კლიენტებთან ინტიმურ კავშირს ამყარებს

  • შესაბამისითი ანაზღაურებით;
  • ანაზღაურების გარეშე, იმიტომ რომ უბრალოდ ასე მოსწონს.

ასეა თუ ისე, მასაჟისტით ჩემი დაინტერესება იქამდე მივიდა, რომ ერთ თბილ საღამოს ქუჩაში დაველოდე და უკან ჩუმად გავყევი. მანამდე ბევრი ვიწვალე, რომ როგორმე ხელოვნურკბილებიანი, მოღიმარი ადმინისტრატორის წიგნაკში ჩამეჭვრიტა და გამეგო, მუშაობას რომელ საათზე ამთავრებდა ჩემი ინტერესის ობიექტი. კონკრეტულად რის გაგებას ვცდილობდი, ვერ გეტყვით და რის გამოც, პრინციპში, ვერც ვერაფერი შევიტყვე, რადგან ელემენტარულად, ძალიან ადვილად დავკარგე მხედველობის არიდან.

მაშინ მანქანა არ მყავდა. თანაც, ძალიან მეშინოდა, არ დავენახე.

შემდგომი ორი დღე დეპრესიულ სიმღერებს ვუსმენდი, სანამ არ მივედი დასკვნამდე: რომ არაფერი დაშავდება იმით, რომც დამინახოს და რომ აუცილებლად უნდა ვცადო კიდევ ერთხელ.

მეორედ მართლაც უფრო თავდაჯერებული ვიყავი და ყველაფერი უკეთესად წავიდა. ნუ, შედარებით უკეთესად პროცესის მხრივ, რადგან სახლამდე მიყოლა მოვახერხე, თუმცა შედეგად, კვლავაც ვერაფერი შევიტყვე: მის სამარშრუტო ტაქსს ადევნებულმა ოცი მეტრის მოშორებით გავაჩერებინე მანქანა ეჭვით მომზირალ ტაქსის მძღოლს და ნელი ნაბიჯით მივყევი უკან. ჩემი მასაჟისტი იქვე მაღაზიაში შევიდა, ერთი პური იყიდა. გამოვიდა და სადარბაზოში გაუჩინარდა. მე ცოტა დაველოდე და მივყევი, მაგრამ კარის გაჯახუნებასღა მოვკარი ყური. შესაბამისად, ვერ გავიგე, ვინმემ გაუღო კარი თუ თავისი გასაღებით გააღო.

ძალიან კმაყოფილი დავბრუნდი უკან, თუმცა, ახლა რომ ვფიქრობ, ვერ გამიხსენებია რამ გამოიწვია მაინც ასეთი კმაყოფილება. შემდეგ სეანსზე ამაყი და თავდაჯერებული მივედი, ნიშნისმოგებით გადავხედე და ტელეფონი გვერდზე დავიდე, რაც მანამდე არასდროს გამიკეთებია პატივისცემის გამო. არ მინდოდა, ზარით შემეწუხებინა და რამდენადმე საქმისთვისაც მომეწყვიტა.

ჰოდა, რაღა თქმა უნდა, რომელიღაც დაქალმა დამირეკა, რომელსაც შეშურდა, რომ იმ წამს მე მასაჟისტის მკლავებში ვნებივრობ; რომლისაც შემშურდა, რადგან მან თურმე გასაოცარი შაბიამნისფერი ზედა იყიდა; ერთმანეთს ვუთანაგრძნეთ, რომ: მას _ ბევრი სამეცადინო აქვს; მე _ სახლში სტუმრად მოხუცი ბევრ-მოლაპარაკე ნათესავი მყავს; დასკვნით ეტაპზე  ურთიერთ-უახლოესი-შეხვედრის მოლოდინით ტელეფონი გავთიშეთ.

აქ მოხდა სასწაული. ჩემმა მასაჟისტმა მისურვა ბევრ-მოლაპარაკე ნათესავთან მშვიდობიანი ურთიერთობების დამყარება და სულიერი სიმშვიდე. აქვე: თავისი ავი მული გაიხსენა, რომელმაც ქმარი გაახსენა.

ქმარი.

აი, რა მომიყვა ჩემმა სიტყვაძუნწმა მასაჟისტმა:

17 წლის რომ ყოფილა, თაყვანისმცემელს სასეირნოდ დაუპატიჟია. ჩემი მასაჟისტი სიხარულით გაჰყოლია და ვერც კი მოსულა აზრზე, ისე აღმოჩენილა კაცმა-არ-იცის-ვის აგარაკზ, თაყვანისმცემლის მთვრალი მეგობრებით გარშემორტყმული, რომლებიც აღტკინებულნი ახალშეუღლებულთ დაქორწინებას ულოცავდნენ. მასაჟისტი (კარგი თეთრ-ფითქინა, გრძელფეხება გოგო იქნებოდა მაშინ) აბაზანაში ჩაკეტილა და ცრემლების ხოცვით გრძელ ტექსტს იმეორებდა სარკეში, რომელიც თაყვანისმცემლისთვის უნდა ეთქვა იქიდან გასულს. გასულა და ოთახში თაყვანისმცემლის დეიდა-ბიძა-ბიცოლები დახვედრია აგრეთვე სასმისით ხელდამშვენებულნი. მასაჟისტს თვალებში შეუხედავს თაყვანისმცემლისთვის და ვეღარც ვერაფერი უთქვამს. ერთი თვე თითიც არ დაუკარებიაო, ხელჩაკიდებულები ვსეირნობდით იმავე სოფლის ორღობეებში და ცხოვრება გვიხაროდაო, მიყვებოდა. ისე შემიყვარდა, თვალებშიც ვეღარ ვუყურებდი, ღამღამობით დავყურებდი მძინარეს და თმაზე ჩუმად ვყნოსავდიო. რამდენიმე თვეში აფხაზეთის ომში წაუყვანიათ თაყვანისმცემელ-ყოფილი და ქორწინებიდან ერთი წლის თავზე მისი დაღუპვის ცნობაც მოუტანიათ დღე-დღეზე ბავშვის მომლოდინე შეყვარებული ცოლისთვის. ჩემს მასაჟისტს ვაჟი ფეხზე დაუყენებია და ზუსტად ერთი წლის წინ (მეუღლის დაღუპვიდან 22 წლის თავზე) მეორედ გათხოვილა.

–       ამ ხნის განმავლობაში არავინ გყოლიათ? – ამოვიღე ხმა.

–       არავინ. – მიპასუხა უბრალოდ.

 

სეანსის დამთავრებისას, როცა ოთახიდან გადიოდა, თითი ტუჩზე მიიდო და თვალი ჩამიკრა:

–       მე და შენ არ გვიჭორავია, იცოდე. ლაპარაკი აკრძალულია კლიენტებთან.

 

ჩემდაუნებურად პირი ყურებისკენ გამექცა.

ხანდახან ყველაფერს ბევრად ადვილი ახსნა აქვს, ვიდრე გვგონია…

ორი დღე ბედნიერებისგან მთვრალი ვიყავი. თუნდაც, შემთხვევით, ჩემსას მივაღწიე. მასაჟისტმა მაღიარა, მენდო და თავის ინტიმურ, პირად ისტორიასაც მომიყვა.

მე გ ა ნ ს ა კ უ თ რ ე ბ უ ლ ი ვიყავი.

 

შემდეგ სეანსზე ცივად მივესალმე საერთო ოთახში, რითაც ჩვენი „საიდუმლო“ დავიცავი და განვმარტოვდი გასახდელში. მასაჟისტი შემოვიდა და საქმეს შეუდგა. საუბარი უკვე ადვილად აეწყო: მეც რაღაცები ვუამბე და მანაც გაჭორა ადმინისტრაცია და ერთი-ორი ცნობისმოყვარე მეზობელი. ძალიან ბედნიერი ვიყავი. მე ჩემი მასაჟისტის მესაიდუმლე და მეგობარი გავხდი. სეანსი უკვე მთავრდებოდა, როდესაც ჩემდა ჭირად ჩემი ახალგათხოვილი მეგობარი ვახსენე.

– მერე რა, მეც ადრე გავთხოვდი. 17 წლის ვიყავი, მაგრამ ქმარი ერთ წელიწადში დამეღუპა. ჰოდა, სულ რაღაც ერთი წელია მეორედ გავთხოვდი – საზეიმოდ  განმიცხადა ჩემმა მასაჟისტმა და რეაქციის მოლოდინში სახეზე შემომაშტერდა.

 

Advertisements

Tagged: , , , ,

2 thoughts on “… და ჩემი მასაჟისტის ისტორია

  1. აგათა March 12, 2013 at 8:37 PM Reply

    აწ ❤ რა კარგი ბლოგი გაქვს ))
    ყველა პოსტი წავიკითხე და ისა ^_^

  2. geoblonde March 12, 2013 at 8:40 PM Reply

    დიდი მადლობა 🙂 სულ ცინცხალი და გამოუცდელი ბლოგია ჯერჯერობით ))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s

%d bloggers like this: