Monthly Archives: April 2013

ბავშვობის მოგონებები, ანუ გადაჭრილი ხე

როდესაც პატარები ვიყავით, მე და ჩემს მეგობარს ერთი გადაჭრილი ხე გვქონდა შეგულებული კორპუსის მოფარებულ კუთხეში.

გზა გადაჭრილი ხისკენ: მიდიოდი, მიდიოდი, მოუხვევდი, ცოტას თავდახრილსაც  მოგიწევდა გაძრომა, რომ ხის ჩამოშვებულ ტოტს არ დაეკაწრე. მერე ცოტას კიდევ იძრომიალებდი, თავს არიდებდი დაბლა დაყრილ, გამხმარ და ზოგ შემთხვევაში წვეტიან ჯოხებს და ვუალა: იქვე იყო ის. ვერასდროს გაიგებდი, რამდენი წლის იყო: რა ცოდნის, რა გამოცდილების მატარებელი.15505228.Gosford9

მე და ჩემი მეგობარი კი ვისხედით, ფეხებს ვიქნევდით, სეზონზე ალუჩას, ხან კი სხვა რომელიმე ხილს ვჭამდით, იქვე მდგარ ხეებს ფოთლებს ვაწყვეტდით და წვრილ-წვრილად ვხევდით: თოჯინებს საჭმელს ვუმზადებდით. მიუხედავად იმის, რომ ის ბიჭი იყო, მე კი _ გოგო. სულ თავიდან თოჯინებზე და პრინცებზე ვლაპარაკობდით, მერე თოჯინებზე, პრინცებზე და სკოლაში მომხდარ ამბებზე; მერე მხოლოდ სკოლაში მომხდარ ამბებზე; მერე კიდევ ჩემი მეგობარი საცხოვრებლად უზბეკეთში წაიყვანეს.

მე გარკვეული პერიოდი ინერციით განვაგრძე გადაჭრილი ხის სტუმრობა. Continue reading

ვინ შემიკეთა გაფუჭებული ონკანი – დასასრული

მომესალმა და გამიღიმა. გავუღიმე და გავცდი. იმის გაცნობიერებამ, რომ გამოკიდებას არავითარ შემთხვევაში არ აპირებდა, გამაჩერა. მივუტრიალდი:

„ხო მართლა, შენი აიპოდი რომ მე მაქვს, ალბათ იცი, ხო?”

„ჩემი აიპოდი გაქვს შენ?“

„ხო, ჩემთან დაგრჩა, არ იცოდი?“

„შენთან დამრჩა ჩემი აიპოდი?“- და უცებ ამოისუნთქა: „ააა, ხო! არ ვიცოდი, მეგონა, მე ვერ ვპოულობდი. სადმე იქნება თქო…”

„კაი, მერე ამოდი, თუ გინდა და წაიღე“

„ეგრეც ვიზამ“ – განმიცხადა მშვიდად.

და მაშინ, როდესაც მე გულაფანცქალებული კარზე მისი კაკუნის ხმას ველოდი, ღამის ათ საათზე namibia-safarisქვემოდან ყვირილი ატყდა. ფანჯრიდან თავი გადავყავი. სიამაყით მამცნო, რომ ჩემი მოვალეობა იყო დაბლა ჩავსულიყავი და მასთან ერთად გამესეირნა.

ჩავედი და თავისი აიპოდიც ჩავუტანე. საიმისოდ მეტისმეტად შეყვარებული ვიყავი, რომ:

  • არ ჩავსულიყავი;
  • მასთან დიდხანს დავრჩენილიყავი.

მიუხედავად ამის, მაინც ზომიერად ბევრი ვიბოდიალეთ. ნასვამი იყო, ამიტომ თავისუფლად ვგრძნობდი თავს. ნასვამ ბიჭებზე შთაბეჭდილების მოხდენა ხომ ბევრად ადვილია. ძირითადად, ის ლაპარაკობდა. ერთ საათში შევიტყვე, რომ: Continue reading

ვინ შემიკეთა გაფუჭებული ონკანი – V3.

ისინი ამბობენ, ადამიანის მომხიბლაობის საიდუმლო მისივე თავდაჯერებულობაშიაო. მეც 3ვეთანხმები, როგორ არა, მაგრამ რატომღაც ჩემზე ვერაფრით ავამუშავე. ხანდახან, გადავწყვეტ ხოლმე, რომ: აი, ამიერიდან თავდაჯერებული ვიქნები, შედეგად, ყველას ვეყვარები და მეც უკეთ ვიგრძნობ თავს. ძირითადად, ეს გადაწყვეტილება კონკრეტულ მცირე წარმატებაზეა ხოლმე დაფუძნებული, იშვიათად კი, უბრალოდ “თავდაჯერებულ” ხასიათზე ვარ და იმიტომ. ჰოდა, არ არსებობს, ასეთ მომენტებში რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდეს, ისეთი, რაც ჩემს შეკოწიწებულ თავ- ან თუნდაც, პატივმოყვარეობას მიწას განართხობს. ასეთ გაუთვალისწინებლებში შედის, მაგალითად:

  • ქუჩაში ყოვლად არაელეგანტურად წაბორძიკება;
  • დაჭმუჭნული ტანსაცმლის და/ან ჭუჭყიანი ფეხსაცმლის აღმოჩენა საკუთარ უნაკლო “ვიდზე” (ინგლისურად _ outfit და ქართულად როგორაა?);
  • ქართული შესაბამისი სიტყვის ვერ-მოძებნა წერის/საუბრის პროცესში;
  • თვალ-უნამუსოდ-წასული კოლგოტი;
  • ბრწყინვალედ ჩაბარებული გამოცდის შემდგომ ბრწყინვალე კრახი;
  • საკუთარი ენამოსწრებულობაში დარწმუნებული არავინ-რომ-არ-იცინის ხუმრობით;
  • ნაგვიანევი “ნივიჟუ”, როცა ორივე მონაწილემ კარგად იცით, რომ ერთმანეთი დაინახეთ (ჯანდაბა, “ნივიჟუ” ქართულად როგორაა?);
  • და სხვა მრავალი. Continue reading

ვინ შემიკეთა გაფუჭებული ონკანი – V2.

არც შევმცდარვარ. იმ საღამოსვე მომიკაკუნეს კარზე. ჩემი ჟაკეტის კარადაში შეჩურთვისა და თმის სარკეში აფუმფულების შემდეგ, უხერხულად ნაზი ღიმილით ზღუბლთან წარვსდექი. კართან წაბლისფერი თვალები მელოდა არცთუ უხერხული ნაზი ღიმილით სახეზე.

შემოვიპატიჟე.

შემოვიდა და ეგრევე სამზარეულოს მიაშურა. მე მივყევი:

“აჰ, არა, ეს აბაზანაშია ონკანი გაფუჭებული.”

შემომხედა და სამზარეულოს მაგიდასთან მოიკალათა:

“ყავას დამალევინებ?” – და პასუხს არ დაელოდა, ისე დაუმატა: “ორი ერთზე” Continue reading

ვინ შემიკეთა გაფუჭებული ონკანი – V1.

უნდა აღვნიშნო, რომ სხვისთვის დახმარების თხოვნა ძალიან მიყვარს. უცნაურია? არც ისე, თუ დავწვრილმანდებით და ვიტყვით, რომ ეს „სხვა“ ყოველთვის სიმპათიური ან თუნდაც არც-ისე-სიმპათიური მამაკაცია, დახმარების თხოვნის პროცესში მე აბსოლუტურად ყოველთვის და არც ერთი გამონაკლისის გარეშე თვალებს გულმოდგინედ ვაფახულებ, ზემოხსენებული ფრაზის უცნაურობა გაფერმკრთალდება და მის უკუპროპორციულად, მისი ბანალურობა მკაფიო და ადვილად წაკითხვადი გახდება.faucet

რატომღაც ბავშვობიდან მჯეროდა, რომ მამაკაცს მუდმივად აღფთოვანებისაგან გული უნდა მისდიოდეს, თუ სუსტი სქესი გამოიჩენს გულმოწყალებას და დახმარებისთვის მიმართავს. ასეთი შემთხვევების შემდეგ, ორივე მხარე მოგებული რჩება: მანდილოსანი იღებს სასარგებლო ინფორმაციას/კონტაქტებს/შეკეთებულ ნივთს/ბნელი ღამით გამცილებელს/ცრემლში დასალტობ მხარს და მამაკაცი კი _ გაფურჩქნულ ეგოს. ჩემი ეს რწმენა თუმც, კანონამდე ვერასდროს დაწინაურდა ერთი მარტივი მიზეზის გამო _ მას გამონაკლისი არ გააჩნდა… Continue reading

ქალები, ბავშვები და კიდევ რამდენიმე რამ

ორი მეგობარი მყავს: ერთი _ ქერა, მეორე _ შავგვრემანი. პრინციპში, მათ შეფერილობას არც არანაირი მნიშვნელობა ექნებოდა, მათი რადიკალურად განსხვავებული შეხედულებანი რომ არა. ჩემზე რამდენიმე წლით უფროსები არიან.

ხშირად კამათობენ და მათი კამათის შემხედვარეს მე ცოტა მიკვირს და ცოტა მიხარია ხოლმე იმის შეგნება, თუ რამდენად განსხვავებულები ვართ ადამიანები და შესაბამისად, განსხვავებულ ჩვენ-ჩვენს სამყაროში ვცხოვრობთ. Continue reading

%d bloggers like this: