Monthly Archives: May 2014

პატარ-პატარა სიამოვნებები

ამ ბოლო დროს ძალიან ბევრი ჯერ არნახული და არგაგონილი, ბრძნული აზრი მომდის თავში. მაგალითისთვის, ერთს აღვნიშნავ:
ცხოვრება პატარ-პატარა სიამოვნებებისგან შედგება, მეგობრებო! (უკანა პლანზე, აუდიტორიის განცვიფრებული ამოგმინვა და მომხსენებლის დარბაზისთვის ამაყი მზერის მოვლება).
ჰოდა, რაც დრო გადის, ვიზრდებით კი არადა, ვრწმუნდებით, რამდენად ამაოა ეს შეჩვენებული, ხელს საბოლოოდ ვიქნევთ და სულისწაწყმედამდე ვცდილობთ ჩვენი წილი, პატარ-პატარა ბედნიერებების მოპოვებას.
არსებობს მოსაზრება, რომ მიუხედავად საცხოვრებელი და მატერიალური პირობების თუ გარეგნული მონაცემების, ადამიანები დაახლოებით ერთნაირად ბედნიერები არიან და დაახლოებით ერთნაირი რაღაცები ანიჭებთ სიამოვნებას. კერძოდ, ლამაზებსაც აქვთ უშნო თმის/დღეს მსუქანი ვარ/სახეზე პრიშიკი აღმომიცენდა დღეები, მდიდარს და ღარიბს თანაბრად უყვართ კარგი კვება და მოკლედ, ხომ ისედაც ხვდებით, რისი თქმაც მინდა და რატომღა მოვიქოქე, მეც არ ვიცი.
ამ პოსტის მიზანი ჩემი ზემოთ მოყვანილი ჰიპოთეზის გაბიაბრუება სულაც არაა, არამედ, მხოლოდ და მხოლოდ, ჩემი აგრეთვე არავისმიერჯერარგამოცდილი და უნიკალური პატარ-პატარა სიამოვნებების გაზიარების სურვილია:
1. გაყინული ფეხებით შხაპში შეხტომა და ცხელი წყლის მოთქიშინება. აქვე, წვიმაში მოყოლილი ცივ, სველ ტანსაცმელს რომ გაიძრობ და ცხელი წყლის ქვეშ შევარდები;
2. ბასეინიდან/სატრენაჟორო დარბაზიდან, ზაფხულის თბილ საღამოს გამოსვლა და კუნთების მსუბუქი დაბუჟების შეგრძნება;
3. საკუთარი მძინარე შვილისთვის ყურება და ახლადგაღვიძებულისთვის კისერში ჩაყნოსვა;
4. ის მომენტი, როდესაც აღმოაჩენ, რომ ახალნამშობიარები (თუ -ევი?) ორსულობამდელ შენს ყველაზე ვიწრო ჯინსშიც კი თავისუფლად ეტევი;
5. თბილი, ფუმფულა ნასკები და ცხელი ჩაი… და საერთოდაც, ყველაფერი ფუმფულა. გამონაკლისის გარეშე (ერთი შეგახედათ ჩემს გარდერობში).
6. გაზაფხულზე აყვავებული ხეები და, მთლიანად, გაზაფხულის სუნი.
7. ძალიან დაღლილზე, ბანაობა და ახალთეთრეულგამოცვლილ ლოგინში შეწოლა;
8. მშობლების სახლში სტუმრობა და შენს ყოფილ ლოგინში, ყველაზე მშვიდი და ღრმა ძილი;
9. Breakfast at Tiffany’s. წიგნიც. ფილმიც.
10. როცა რაღაც მოვლენაზე ღელავ და ცუდი მოლოდინი გაქვს და ყველაფერი ისე უპრობლემოდ ჩაივლის, გაოცებული რჩები;
11. გაღვიძებისას, აი ის, უფროდაუფრო იშვიათი, სრული დასვენებულობის და ენერგიულობის შეგრძნება;
12. სანამ საბოლოოდ ჩაგეძინება, აი, ის წამის მეასედი, როცა ცნობიერი ჯერ არ დაგიკარგავს;
13. წყალში_ზღვაში, აუზში რომ ჩადიხარ და წყალი უცნაურად თბილია…
14. ვიღაცის ზარს რომ ელოდები და ჰოი, საოცრებავ: გირეკავს! აქვე გადის, სანატრელი მესიჯის ლოდინი და ის რამდენიმე ბედნიერი წამი, სანამ გახსნი და შინაარსს ნახავ (აიფონმა ეგ სიამოვნება უმოწყალოდ დაასამარა).

… უსასრულოდ შემიძლია ამ სიის გაგრძელება, მაგრამ მოდი, ზოგი თქვენც დაამატეთ 🙂

%d bloggers like this: