Category Archives: ზე-სუბიექტური შეხედულებანი

ოცნებებზედ

ჩემს მეზობლად რომელიღაც სართულზე ბესო ძია ცხოვრობს. ჩვეულებრივი ბესო ძიაა. პრინციპში, ჩვეულებრივზე ცოტა უკეთესი. კეთილია ბესო ძია _ გოგო-შვილიშვილთან ერთად მობოდიალეს ხშირად ვხედავ ხოლმე, გამარჯობას ვერავინ დაასწრებს და ლიფტში ათთეთრიანსაც გულმოწყალე ღიმილით დამიდებს ხაზგასმული წკაპუნით ლიფტში ფულისჩასაყრელ რკინის ჯოჯოზე, სანამ მე უიმედოდ ვიქექები ჯერ საფულეში და შემდგომ ჩანთის უსასრულო ჯიბეებში სათითაოდ. ზემოჩამოთვლილი მიზეზები მგონი, სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ბესო ძიას ჩვეულებრივზე უკეთესი ვუწოდოთ.

ხოდა, ერთხელ როცა ჩოგბურნის ჩოგნით ხელში სადარბაზოდან გამოვდიოდი, მისი ფუტლიარი რატომღაც ბესო ძიამ გიტარის ჩასადებად აღიქვა (ან უნდოდა აღექვა, თორემ ეს ორი რანაირად შეიძლება აგერიოს თუნდაც სუსტი მხედველობის ადამიანს?!) და მიამბო შემდეგი: Continue reading

Advertisements

პატარ-პატარა სიამოვნებები

ამ ბოლო დროს ძალიან ბევრი ჯერ არნახული და არგაგონილი, ბრძნული აზრი მომდის თავში. მაგალითისთვის, ერთს აღვნიშნავ:
ცხოვრება პატარ-პატარა სიამოვნებებისგან შედგება, მეგობრებო! (უკანა პლანზე, აუდიტორიის განცვიფრებული ამოგმინვა და მომხსენებლის დარბაზისთვის ამაყი მზერის მოვლება).
ჰოდა, რაც დრო გადის, ვიზრდებით კი არადა, ვრწმუნდებით, რამდენად ამაოა ეს შეჩვენებული, ხელს საბოლოოდ ვიქნევთ და სულისწაწყმედამდე ვცდილობთ ჩვენი წილი, პატარ-პატარა ბედნიერებების მოპოვებას.
არსებობს მოსაზრება, რომ მიუხედავად საცხოვრებელი და მატერიალური პირობების თუ გარეგნული მონაცემების, ადამიანები დაახლოებით ერთნაირად ბედნიერები არიან და დაახლოებით ერთნაირი რაღაცები ანიჭებთ სიამოვნებას. კერძოდ, ლამაზებსაც აქვთ უშნო თმის/დღეს მსუქანი ვარ/სახეზე პრიშიკი აღმომიცენდა დღეები, მდიდარს და ღარიბს თანაბრად უყვართ კარგი კვება და მოკლედ, ხომ ისედაც ხვდებით, რისი თქმაც მინდა და რატომღა მოვიქოქე, მეც არ ვიცი.
ამ პოსტის მიზანი ჩემი ზემოთ მოყვანილი ჰიპოთეზის გაბიაბრუება სულაც არაა, არამედ, მხოლოდ და მხოლოდ, ჩემი აგრეთვე არავისმიერჯერარგამოცდილი და უნიკალური პატარ-პატარა სიამოვნებების გაზიარების სურვილია:
1. გაყინული ფეხებით შხაპში შეხტომა და ცხელი წყლის მოთქიშინება. აქვე, წვიმაში მოყოლილი ცივ, სველ ტანსაცმელს რომ გაიძრობ და ცხელი წყლის ქვეშ შევარდები;
2. ბასეინიდან/სატრენაჟორო დარბაზიდან, ზაფხულის თბილ საღამოს გამოსვლა და კუნთების მსუბუქი დაბუჟების შეგრძნება;
3. საკუთარი მძინარე შვილისთვის ყურება და ახლადგაღვიძებულისთვის კისერში ჩაყნოსვა;
4. ის მომენტი, როდესაც აღმოაჩენ, რომ ახალნამშობიარები (თუ -ევი?) ორსულობამდელ შენს ყველაზე ვიწრო ჯინსშიც კი თავისუფლად ეტევი;
5. თბილი, ფუმფულა ნასკები და ცხელი ჩაი… და საერთოდაც, ყველაფერი ფუმფულა. გამონაკლისის გარეშე (ერთი შეგახედათ ჩემს გარდერობში).
6. გაზაფხულზე აყვავებული ხეები და, მთლიანად, გაზაფხულის სუნი.
7. ძალიან დაღლილზე, ბანაობა და ახალთეთრეულგამოცვლილ ლოგინში შეწოლა;
8. მშობლების სახლში სტუმრობა და შენს ყოფილ ლოგინში, ყველაზე მშვიდი და ღრმა ძილი;
9. Breakfast at Tiffany’s. წიგნიც. ფილმიც.
10. როცა რაღაც მოვლენაზე ღელავ და ცუდი მოლოდინი გაქვს და ყველაფერი ისე უპრობლემოდ ჩაივლის, გაოცებული რჩები;
11. გაღვიძებისას, აი ის, უფროდაუფრო იშვიათი, სრული დასვენებულობის და ენერგიულობის შეგრძნება;
12. სანამ საბოლოოდ ჩაგეძინება, აი, ის წამის მეასედი, როცა ცნობიერი ჯერ არ დაგიკარგავს;
13. წყალში_ზღვაში, აუზში რომ ჩადიხარ და წყალი უცნაურად თბილია…
14. ვიღაცის ზარს რომ ელოდები და ჰოი, საოცრებავ: გირეკავს! აქვე გადის, სანატრელი მესიჯის ლოდინი და ის რამდენიმე ბედნიერი წამი, სანამ გახსნი და შინაარსს ნახავ (აიფონმა ეგ სიამოვნება უმოწყალოდ დაასამარა).

… უსასრულოდ შემიძლია ამ სიის გაგრძელება, მაგრამ მოდი, ზოგი თქვენც დაამატეთ 🙂

შინაგან პრინცესებზედ

შესავლის მაგიერ: შეიცავს სპოილერებს ფილმზე “two weeks notice”. ავტორის სუბიექტური აზრით, ბევრს არაფერს დაკარგავთ არც პოსტის წაკითხვით (ალტერნატიული დანახარჯის სახით, გაგიფუჭდებათ ფილმი) და არც წაუკითხაობით (ნუ, სამაგიეროდ, ფილმით ისიამოვნებთ). ნება თქვენია.

გული ძალიან მტკივა.
აღვნიშნე გულში და ჩემი თინეიჯერობა გამახსენდა. არა იმიტომ, რომ ყველაფერი ადვილად მწყინდა და მერე თავი მებრალებოდა, არამედ იმიტომ, რომ ამ პერიოდში, რაღაც გაუცნობიერებელი თვითგანსაკუთრებულობის შეგრძნებით ვცხოვრობდი. შეგრძნებით, როცა ყოველგვარი მიზეზის გარეშე, დარწმუნებული ხარ, რომ ყველაფერი ზუსტად ისე გამოვა, როგორც შენ გინდა და მიზნის მისაღწევად შენ მაგიერ სამყარო იბრძვის.
ახლა კი დარწმუნებული ვარ, მე არც ერთადერთი ვარ და არც გამონაკლისი. ყველა გოგონას სრულიად გულში პატარა პრინცესა ცხოვრობს, რომელიც ზემოხსენებულ გოგონას საკუთარ ერთადერთობას შთააგონებს.
ჰოდა, ამ საკითხთან დაკავშირებით:

პრინცესებო, ჰოლივუდური რომანტიკული კომედია “two weeks notice” თუ გაქვთ ნანახი? მოკლედ, იდეა ასეთია, სანდრა ბულოკის ტანჯულ გმირს ჩუმად უყვარს ჰიუ გრანტის საშუალოსტატისტიკურად გამოთაყვანებული გმირი, რომელიც რასაკვირველია, ვერაფერს ხვდება და ეს ტანჯულაც არაფერს უმხელს. მერე, ბოთე მამრი გაიცნობს სრულიად უდანაშაულო, ცუდ დროს ცუდ ადგილზე აღმოჩენილ მანდილოსანს, რომელსაც მსუბუქად გაუმიჯნურდება. ეს ფაქტი უბიძგებს სანდრიკოს გადამწყვეტი ზომების მიღებაში და რამდენიმე წუთში, კლასიკური ჰეფი ენდიც მზადაა.
… რაც მაიძულებს, დავსვა კითხვა: ცუდ დროს, ცუდ ადგილზე მყოფმა მანდილოსანმა რა მიჰქარა ასეთი ცხოვრებაში? დავიჯერო, წინაპართა ცოდვამ უწია?
უცნაურია და, რატომღაც, ასეთ ადამიანებს საზოგადოება უგუვებელყოფს. ადამიანებს, რომლებიც არასდროს არიან პირველნი, რომელთა შინაგანი პრინცესა გაქელილი და მიწას გართხმულია.
ამის პარალელურად, არსებობს მეორე უკიდურესობა: როდესაც “მეორეებთან” ხდება ცხოვრების განსრულება და პირველი, ყოველთვის მიუწვდომლად რჩება. და, ამ “მეორემ” პირველის არსებობაზე ხანდახან სრულებითაც არაფერი იცის.
და, პრინცესა, შეგნებულად თუ შეუგნებლად, ამაზე დაბლა ვეღარასდროს დაეშვება.
დასასრულის მაგიერ, ვიტყვი ფრაზას, რაიცა ჯერ არასდროს თქმულა:
ცხოვრება არაა სამართლიანი მეგობრებო!
მაგრამ, მე გისურვებთ, თქვენი შინაგანი პრინცესები ყოველთვის, მარად რეალიზებულნი და გაფურჩქნულნი ყოფილიყვნენ…

11 things that annoy me the most

1. ინგლისური სათაურები, როდესაც მშობლიურ ენას გადასარევად ვფლობთ…

განა მართლა. ინგლისურ ენას თავად ხშირად ვიყენებ ყოველდღიურ მეტყველებაში.
უბრალოდ, ხანდახან ინგლისურად უფრო ლაკონურად შეიძლება საჭირო აზრის გამოთქმა და იმიტომ.
და, ხანდახან ყოველგვარი კონკრეტული მიზეზის გარეშე: Just ენაზე მოგადგება სასურველი სიტყვა. ზედმეტი ფიქრი რა საჭიროა…
მაგრამ, ეს პოსტი ჩემი ყოველდღიური დიალოგების კონსისტენციაზე სულაც არაა. ეს პოსტი იმ წვრილმან რაღაცებზეა, ყოველდღიურ ცხოვრებას რომ ხანდახან კოშმარად გიქცევენ და ხანდახან რომ, სრულიადაც ფეხებზე გკიდია… მაშ ასე:

1.არეულ-აბურდულ კარადაში რაღაცის შეტენვას რომ ცდილობ და უკან რომ ვარდება და კიდევ და კიდევ რომ ცდილობ და ვერაფრით ახერხებ იქამდე, სანამ იძულებული არ გახდები, დრო დახარჯო და ადგილი სერიოზულად გამოათავისუფლო;
2. სადარბაზოში რაღაც აი, ჩამყაყებული სუნი რომ დგას – მგონი, აქ კომენტარი ზედმეტია;
3. ბოსტნეულს რომ ყიდულობ და გამყიდველი რომ გეუბნება, “თავად ჩაყარო” და რომ ყრი და გულს ასკდები, რომ: ა) გამბედაობა არ გყოფნის მოსთხოვო, თავად ჩაყაროს… ბ) ეს ბოსტნეული ცივი/ჭუჭყიანი და God forbid, ცოტა სველია;
4. ლიფტს რომ ელოდები წარმოუდგენლად ხანგრძლივი 2 წუთის განმავლობაში;
აქვე: ლიფტში რომ შედიხარ და ჟანგბადის ყოველი მოლეკულა გაჟღენთილია სიგარეტის/ალკოჰოლის/მსუქანი ბებერი კაცის ამონასუნქით;
5. ადამიანები, რომელთაც სხეულზე შესამჩნევად სპეციფიკური სუნი აქვთ – მათთვის, ვისაც უნდა აღნიშნოს, რომ ” ჩვენ ყველას გვაქვს დამახასიათებელი სუნი”, მივუთითებ სიტყვაზე: სპეციფიკური, და მათთვის, ვინც შენიშნავს, რომ ასეთი სუნი ავაფმყოფობას შეიძლება ნიშნავდეს, მივუგებ, რომ ამ პოსტის ტოპიკი ჩემი ცუდი, ცუდი პიროვნების განსჯა სულაც არ არის;
6. ადამიანები, რომლებიც მესაუბრებიან და საუბრის დროს, სახეში მიმთქნარებენ. აქვე გადის, როცა სახეში გაცემინებენ და მომლოდინედ შემოგცქერიან, ჯანმრთელობას როდის უსურვებ;
7. გონებას მიმღვრევს, როცა ახლოს მყოფი ადამიანი ცხვირს ასრუტუნებს – Just blow that goddamn nose and get over it already!!
8. გადასაწმენდი და პურის ნამცეცებიანი მაგიდა;
9. მიფუჩეჩებული დავალებები/მიფუჩეჩებულად დალაგებული სახლი/მიფუჩეჩებული ურთიერთობები, ზოგადად, მიფუჩეჩებული ცხოვრება;
10. როდესაც ადამიანები, რომლებზეც გული შეგტკივა, over and over უშვებენ ერთსა და იმავე შეცდომებს;
11. როდესაც უცნობ ადამიანთან კონტაქტში ცდილობ შესვლას და he/she is too cool about it.

P.S. ზემოხსენებული სიის ჩამოთვლისას რომ გავხურდი, მეგობარს ვკითხე, თავად ყველაზე მეტად რა უშლიდა ხელს ყოველდღიურ ბედნიერებაში.
“საშინლად მძულს, როცა ჭამის დროს თითებს ილოკავ ხოლმე” – აღნიშნა მან და გამძვინვარებულ სახეში უტიფრად შემომაჩერდა…

შემთხვევითობები და სხვა სტანდარტულობები

ამას წინათ რაღაც სრულიად განსხვავებულს ვკითხულობდი.

განსხვავებულს ჩემს ფიქრებთან, რომლებმაც ძალიან შაბლონურ-სტანდარტულად დაიწყეს და პრინციპში, ასევე დაამთავრეს.

დავიწყე დიადი მასშტაბურობიდან, რომელსაც ჰქვია:

და მაინც, რა იქნებოდა, რომ სამყაროს განვითარება არ წასულიყო ისე, როგორც წავიდა?! მე შემთხვევით მეტეორებზე კი არ მაქვს საუბარი, რომელიც აღგვიდა ყოველგვარ სიცოცხლეს პირისაგან მიწისა… არც ევოლუციის კანონებზე.  იმ შემთხვევითობებზე ვამბობ, ბორბლის გამოგონებიდან რომ დაიწყო, მერე სადღაც შუაში ჩვეულებრივი ვოლფრამის ნათურის გამოგონება მოჰყვა და კაცმა არ იცის, კიდევ რითი დასრულდება. 20326329 Blue-Planet-Earth

არსებობს შემთხვევითობები, რომელსაც გვერდს ვერ აუვლი. მაგალითისთვის სრულიად უბრალო კოცონის დანთებაც გამოდგება. დედამიწის სიმრგვალესაც აღმოაჩენდნენ ადრე თუ გვიან. მაგრამ, რა მოხდებოდა, ბორბალი რომ არ შემო-გამოეგონებინა კაცობრიობას?!

რამდენადაც ჩემი დილეტანტური თავისთვის ცნობილია, მაიას ტომს ბორბალი ესე სრულებითაც არ გააჩნდა მიუხედავად მათი შორს წასული ცივილიზაციისა. ჰოდა, იმას ვამბობ, რა ადვილად შეიძლებოდა სრულიად სხვა სახე ჰქონოდა დღევანდელ მსოფლიოს-მეთქი. ან კიდევ, ალაჰმა უწყის, რამდენი ბეწვზე გადარჩენილი შემთხვევითობა დარჩა გამოუგონებელი…

უცხოპლანეტელებს კი, თუ მართლაც მათი საექსპერიმენტო მასალა ვართ, რანაირად მოგიბრუნდება ენა და გაამტყუნებ:

თავადაც დიდი სიამოვნებით დავაარსებდი რამდენიმე პარალელურ ცივილიზაციას და მათ განვითარებას დავაკვირდებოდი. ცნობისმოყვარეობა და ახლის აღმოჩენის სურვილ-ინტერესი თუ მოგატეხინებს ადამიანს კისერს, თორემ ლოგინში წოლისგან მკვდარი კაცი მე ჯერ არ მინახავს.

დიადი მასშტაბურობიდან თუ ოდნავ ჩამოვქვეითდებით, საკუთარ არავითარშემთხვევაში-ნაკლებ დიადსა ზე-საკაცობრიო-მნიშვნელობის ცხოვრებასაც დავინახავთ. Continue reading

ქალები, ბავშვები და კიდევ რამდენიმე რამ

ორი მეგობარი მყავს: ერთი _ ქერა, მეორე _ შავგვრემანი. პრინციპში, მათ შეფერილობას არც არანაირი მნიშვნელობა ექნებოდა, მათი რადიკალურად განსხვავებული შეხედულებანი რომ არა. ჩემზე რამდენიმე წლით უფროსები არიან.

ხშირად კამათობენ და მათი კამათის შემხედვარეს მე ცოტა მიკვირს და ცოტა მიხარია ხოლმე იმის შეგნება, თუ რამდენად განსხვავებულები ვართ ადამიანები და შესაბამისად, განსხვავებულ ჩვენ-ჩვენს სამყაროში ვცხოვრობთ. Continue reading

დაკარგული გმირები… და გენიოსებიც

სულ ბოლოს მურაკამის “მექანიკური ფრინველის ქრონიკებს” (თუ როგორც ჰქვია) ვკითხულობდი.

უცნაური კაცია მურაკამი. ასევე უცნაური პერსონაჟები ჰყავს ხოლმე თავიანთი უცნაური ცხოვრებითა და თავგადასავლებით. მთავარი გმირიც თითქოს არაფრითაა მასისგან გამორჩეული ერთი შეხედვით. ანუ, მთავარი გმირი _ გმირი არ არის. ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით.

ამ პოსტში არც წიგნის განხილვას ვაპირებ და მით უმეტეს, არც შინაარსის მოყოლას. მე გმირებზე მინდა საუბარი. Continue reading

%d bloggers like this: