Category Archives: თავგადასავლები

ჩემი გათხოვების ისტორია

სულ ცოტა ხნის გათხოვილი ვიყავი, ჩემდა ჭირად, წიგნის ფესტივალზე რომ გადავწყვიტე წასვლა.
აი, იმდენად ცოტა ხნის გათხოვილი ვიყავი, ქმარი რომ საუზმეს გიმზადებს და საკუთარ მანქანამდე გაცილებს; მეგობრები რომ აღარ გირეკავენ, რადგან ჰგონიათ, რომ უეცრად “ძალიან დაკავებული ხარ” (თითქოს პრემიერ-მინისტრი გახდი), ხელი არ უნდათ შეგიშალონ (თითქოს…. მმ, პრემიერის მაგალითი აქაც მუშაობს), და რომ ერთბაშად ძალიან გამოიცვალე.
არადა, მე ისევე ზომიერად დაკავებული გახლდით, როგორც ყოველთვის, არც სრულიად სანაცნობოს გენიოს ტვინში გამოჩორკნილ კითხვაზე ” აბა კარგია გათხოვება?” მქონდა პასუხი, არც ერთბაშად ოქროს ბაღჩებასხმულს დამიწყია მოძრაობა და არც ჩემს დედამთილს მოსვლია აზრად ლილოში/ვაგზალზე ჩემი “ჩასაზმანად” წაყვანა.

Continue reading

My New Roommate – The End

არადა, დიდი არაფერი გოგო იყო. გაურკვეველი ფერის გრძელი თმა ჰქონდა და თხელი ტუჩები. ზედმეტად გამხდარი იყო, თხელკიდურება. რომ შეხედავდით, ვერაფრით წარმოიდგენდით, როგორი ღიმილი შეიძლება რომ ჰქონოდა, ან: იღიმოდა კი ოდესმე?!

სახლისკენ ფეხით წავჩანჩალდი. ასი წლის მოხუცად ვგრძნობდი თავს. კიბეზე ავდიოდი, როცა მესიჯი მივიღე. დავხედე, უცხო ნომერი ციმციმებდა. არც წამიკითხავს, ისე მივუგდე ტელეფონი, ჩემს ოთახში შევიკეტე და მაშინვე დავიძინე. ჩემი მისია აწ აღსრულებული იყო.

არც კი ვიცი, რამდენ ხანს მეძინა. რომ გავიღვიძე, გარეთ კუნაპეტი სიბნელე დამხვდა, ხოლო ჩემს ბენტერა მეგობარს თვალებში ვარსკვლავები ენთო.sleep-girl

მიამბო, რომ აივნის მოაჯირელ პრინცესას  ციცქნა შვილი ჰყოლია. ბებიასთან დასასვენებლად და გულის გადასაყოლებლად მოდის მაშინ, როდესაც თავისი ციცქნა შვილი, არცთუ ციცქნა ქმარი და სავარაუდოდ გრანდიოზული დედამთილი ნერვებს მოუშლიან. აივნის მოაჯირი არც ისე ვიწროა, როგორც შორიდან ჩანს; გარდა ამის, პრინცესაში ჩასახლებულ ჟანა დ’არკს სიმაღლის სრულებით არ ეშინია.

მისი ბებიასთან სტუმრობის სიხშირით თუ ვიმსჯელებდით, პრინცესას არცთუ დალხენილი ცხოვრება უნდა ჰქონოდა _ ზედგამოჭრილი ჩემთან მობინადრე თავგანწირვისთვის შემართულ მეფისწულისთვის. Continue reading

My New Roommate – V4.

ბავშვობაში ხშირად ვეუბნებოდი, ნეტავ, შენ ვიყო-მეთქი. არასდროს ესმოდა, რას ვგულისხმობდი. მე კიდევ მაინტერესებდა, მის ქერაკულულებიან თავში რა ხდებოდა. ვფიქრობდი, ნეტავ, მაშინ რას აკეთებს, როცა ერთად არ ვართ-თქო. მაინტერესებდა:

– იტყუებოდა თუ არა, ოდესმე?! მიმტკიცებდა, არასდროს ვიტყუებიო.

– ისევე უყვარდა თავისი დედა, როგორც მე მიყვარდა ჩემი?!

– რანაირად შეეძლო, ხელებზე დამდგარიყო და ისე ევლო? მაშინ ვოცნებობდი, როცა გავიზრდები, მეც ვივლი-თქო ხელებზე. ახლა ვიცი: ვერასდროს, ვერასდროს შევძლებ ხელებზე სიარულს.

– რა ფერის იყო მისი წითელი?!

– და ა. შ.

ახლაც მინდოდა, მის თავში ჩამეხედა, რათა შემეტყო, რა ჯანდაბად ამოიკვიატა ვიღაც აივნის მოაჯირზე მჯდომი გოგო?! Continue reading

My New Roommate – V3.

საუზმის დროს, რომელიც კარგად მოსაღამოვებულზე შედგა, ყველაფერი გაირკვა: მე გამახსენდა, რატომ იყო ეს უცხო, გაბურძგნული ბიჭი ჩემი საუკეთესო მეგობარი ბავშვობაში.

საოცარი, ყოველისმომცველი სიმშვიდის მატარებელი იყო და ეს სიმშვიდე, უცხო და უცნაური, სულ თან დაჰყვებოდა. სკოლაში როცა ვინმე გამაბრაზებდა, არც კი ვცდილობდი, დავწყნარებულიყავი, უბრალოდ ჩემს გაბრაზებას საღამომდე “გადავდებდი” ხოლმე. შემდეგ, მას ვუამბობდი და ამ დროისთვის უკვე ყველა ეს წვრილმანი მეათასეხარისხოვანი ხდებოდა. განა რამე კონკრეტულს ამბობდა ჩემს დასამშვიდებლად?! ხშირად, არც არაფერს. უბრალოდ მისმენდა და მისი სიმშვიდე ისე გადამდები იყო, ისე გავრცელებადი, შეუძლებელი იყო შენივე პრობლემაზე არ გაგეცინა.calmness-kseniya-bordianu

“ამდენი ხანი როგორ გძინავს, მაგისთვის ჩამოხვედი?” – გავუცინე და წვენი დავუსხი.

“აბა, რა ვქნა, ფუნიკულიორზე ავიდე და ხედებით დავტკბე?” – გამიცინა და წვენი დალია.

“ანუ, გარეთ გასვლას საერთოდ არ აპირებ?” – დავაპირე აღშფოთება.

“ნუ ხარ რადიკალური. ძილისგან თავისუფალ დროს აუცილებლად გავალ, თანაც თუ ჩემი გაგდება ასე ძალიან გინდა… ”

Continue reading

My New Roommate – V2.

ამბობენ, ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი შთაბეჭდილებებიაო. ჰოდა, რაზე უნდა მენერვიულა ჩემს გაგულგრილებულ მეგობართან შეხვედრის მოლოდინში?! რა თქმა უნდა, სიკვდილ-სიცოცხლის საკითხზე, რაც, დარწმუნებული ვარ, ჰამლეტსაც თავის დროზე ჩემზე არანაკლებ აწუხებდა. კითხვა შემდეგნაირად ჟღერდა:

“ღმერთო, მომეც ძალა, რომ მივხვდე _ რა ჩავიცვა?!”

გოგონებისთვის, რომელთაც შთაბეჭდილების მოხდენა უნდათ, არსებობს ორი ჯადოსნური ხერხი: მაღალი ქუსლები და მაკიაჟი. ბედის ირონიით, ვერცერს მივმართავდი:

ჩემი გაიძვერა მეგობრის  ჩემივე კარის ზღუბლზე აღმართვას გარიჟრაჟზე ველოდებოდი. მის გონებრივ შესაძლებლობებს დიდად ვეღარ ვიცნობდი, მაგრამ საკუთარივე თავს ვერ ვაკადრებდი, შემომეშვა სახლში ისეთი დებილი, რომელსაც განთიადის მაკიაჟზე არ ჩაეღიმებოდა ვერაგად.  Continue reading

My New Roommate

დილა უცნაურად დაიწყო _ მაღვიძარამ დარეკა. ჩემი მაღვიძარა ხომ არასდროს რეკავს: თუ საპასუხისმგებლო ადგილას უნდა ვიყო პასუხისმგებლურად პუნქტუალური, მაშინ ღამე ცუდად მძინავს და პერიოდულად ვამოწმებ საათს და თუ არა, ხომ, მით უმეტეს, სრულებით არაა საჭირო ცივილიზაციის ეს დამძაბველი მონაპოვარი. depositphotos_7100084-Alarm-clock

საშინლად მშიერმა და ბრაზიანმა გავიღვიძე. ბრაზიანმავე გამოვაღე მაცივარი რამე ძალიან მსუქანის პოვნის იმედით, სადაც: უძველესი არაჟანი, ასაკდაუდგენელი ერთი  იოგურტი და ორი ცალი სიყვითლეშეპარული ოხრახუშის ღერი იდო.

მშიერი და ბრაზიანი ადამიანები ასეთ დროს ერთადერთი საქმიანობით კავდებიან და მეც სწორედ ასე მოვიქეცი: ფეისბუქზე შევედი და ხაზზე მყოფ საზოგადოებას გადავავლე იმედიანი თვალი: პოტენციურ დამპატიჟებელ მამრებს, რომლებთანაც შენი სტანდარტული “რასშვები”,”რავი, მეც არაფერს. პროსტა მაგრა მშია”-თი
იწყება და “წამო, სადმე დაგპატიჟებ”-ით ბოლოვდება გულუხვი კავალრის მხრიდან.

კავალრის შოვნა არ დამცალდა. შეტყობინების იკონი (მაპატიეთ, ქართულად “ხატულა” ჰქვია :D) ენთო. კუჭმა ერთი ნაზად წაიყმუვლა და მიჩუმდა: ჩემი ბავშვობაში ტაშკენტში გადასახლებული და აღარასდროს მეტად ნანახი მეგობარი იყო, რომელთანაც ნელ-თბილზე კიდევ ოდნავ უფრო გრილი დამოკიდებულება მქონდა. წესიერად არც კი ვიცოდი, როგორ გამოიყურებოდა: პროფილში ერთი გოროზად მომზირალი ვეფხვის და რამდენიმე გაურკვეველი შინაარსის ანიმაციური ფოტოს გარდა ხელჩასაჭიდი არაფერი მოიპოვებოდა. Continue reading

%d bloggers like this: