Category Archives: ჩემი სიზმრები

ჩემს პატიმარზედ

ეპიგრაფის მაგიერ:

ყოველთვის მეტად საინტერესო სიზმრებს ვხედავდი. შეიძლება ითქვას, ღამით ცალკე დამოუკიდებელი ცხოვრებით ვცხოვრობ ხოლმე. შემდეგ ეს განწყობა მთელი დღით მიმყვება და ხანდახან ცხოვრებისეულ გადაწყვეტილებებშიც მეხმარება.

თუმც: სიზმარი არასდროს მიხდება.

როცა ვიღვიძებ, ისეთი ემოციით ვარ დატვირთული, რომ არ მოვყვე, რომ არ ჩავიწერო, ალბათ, გავსკდები. ამიტომ, მთელი დღის განმავლობაში რეგულარულად ვაწუხებ რიგ ადამიანთ ჩემი სიზმრების დეტალური აღწერით.

ახლა გადავწყვიტე, ბლოგის მკითხველთაც შევაბეზრო თავი. თუ მოგეწონებათ, კიდევ უფრო ხშირად დავწერ ხოლმე _ სიზმრებს მართლაც რომ ხშირად ვხედავ.

ესე ქვემორე ისტორია რამდენიმე წლის წინ ვნახე, როცა კიდევ უფრო ქარაფშუტა მადილოსანი გახლდით. ახლახანს მის ჩანაწერს შემთხვევით გადავაწყდი და გადავწყვიტე, რომ აბსოლუტურად უცვლელად შემოგთავაზოთ.

აღსანიშნავია, რომ თავად სიზმარშიც შეცვლილი არაფერია. იგი ჩაწერილია ზუსტად ისე, როგორც ავტორმა ნახა.

* * *

ეს ჩემი პატიმარია, რუდოლფი. სატრფო-ც ჰყავს, კატერინა, რომელიც სულ ერთხელ ნახა. მერე რა, კატერინასაც უყვარს რუდოლფი.
ერთი მომენტი არის ამ ამბავში ყველაზე მნიშვნელოვანი. ანუ: როდესაც რუდოლფი ციხიდან გარბის (ნეტა ინგლისურად როგორაა “პატიმარი”).
ეს იმიტომ, რომ ვაპირებდი ეს მოთხრობა ინგლისურად დამეწერა, მაგრამ გადავიფიქრე რიგი მიზეზების გამო: 1. ვერაფრით გავიხსენე, როგორ იყო ინგლისურად “პატიმარი”. 2. ვერაფრით გავიხსენე, როგორ იყო ინგლისურად “ციხე”.
3. მინდოდა, ერთ კონკრეტულ ადამიანს წაეკითხა, რომელიც მაინცდამაინც კარგ ურთიერთობაში ვერაა ინგლისურთან.
შედეგად, მოთხრობა ქართულ ენაზე დაიწერა და, ჩემი მოკრძალებული აზრით, ამ ფაქტით არც ვინმე დაზარალებულა.
მოკლედ, რუდოლფი როდესაც ციხიდან გარბის (სხვათა შორის, მეგობართან ერთად), აღმოჩნდება, რომ ციხეში ინფერიუსები ბინადრობენ, რაზეც პატიმრებს ინფორმაცია აქვთ. ინფერიუსი გვამია, დაზომბებული გვამი. ცივი, სველი ხელებით, უმეტყველო, ფართოდ გახელელი, დაშრეტილი თვალებით… და… გაუგონარი სიჯიუტით, რაც ასე ახასიათებთ საერთოდ ზომბებს. jail-prison
ინფერიუსის პიროვნება ჩემი მოგონილი არ გახლავთ, ისინი იმ ტბაში ბინადრობდნენ, სადაც ვოლდემორმა თავისი ერთ-ერთი ჰორკრუქსი დამალა.
ასეა თუ ისე, რუდოლფი და მისი მეგობარი გარბიან ციხიდან მეტად საეჭვო ვითარებაში. ვითარების საეჭვოობის დასკვნა გამომდინარეობს აბსოლუტურად დაუსახავი გეგმიდან და ექსპრომტი მოქმედებიდან. ყოველ შემთხვევაში, მე ამის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ მაქვს და რამე რომ ყოფილიყო, უეჭველი მეცოდინებოდა, რამეთუ რეჟისორი თავად გახლავართ.
ციხის დერეფანი დამრეცად ეშვება ქვევით. ნესტია, ფეხი სრიალებს.
რა თქმა უნდა, აბსოლუტური სიბნელეა, მაგრამ ეგ დაბრკოლება არასდროს ყოფილა, უბრალოდ მინდოდა თქვენც გცოდნოდათ, როგორი იყო ჩემი ციხის დერეფანი. ჰოდა,… ასეთ შემთხვევებში როგორც ხდება ხოლმე, მარჯვენა მხარეს (საითაც რუდოლფის მეგობარი იდგა) კიბეზე ჩასასვლელი ჩნდება, ხოლო მარცხნივ _ პატარა კარივით. მოულოდნელი ალტერნატივის პირობებში, როდესაც აჟიტირებული ხარ და თანაც… თანაც, სწრაფი გადაწყვეტილების საჭიროება დგება დღის წესრიგში, თევზის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულები, როგორც წესი, მომენტალურად იბნევიან და გაურკვეველ მოქმედებებს მიჰყოფენ ხელს.
და, სწორედ, ზუსტად და სწორხაზოვნად ამ მომენტში, მე მომინდა, დროისთვის გამესწრო.…
არავითარი ფანტასტიკა! უბრალოდ, მჭირდებოდა, გამეგო, რა უფრო წაადგებოდა რუდოლფს მომავალში  _ გაყოლოდა მეგობარს (რომელიც უკვე გარბის და მოკარო ელემენტთან შეყოვნება არც უფიქრია), თუ გავიდეს კარში, სადაც სავარაუდო ინფერიუსები ბინადრობენ.
როგორც ზევით აღინიშნა, ((ინგლისურად ვიტყოდი, “Above-mentioned” ) ისევ ინგლისურად წერა ხომ არ მეცადა?), არ არსებობს არავითარი გეგმა. საერთოდ, გამოფხიზლება ასეთ კრიტიკულ მომენტებში ადვილად მეხერხება ხოლმე, ამიტომ ადვილად დავინახე, რომ როდესაც რუდოლფი მოკაროში შევა, აუცილებლად დახვდებიან იქ ინფერიუსები.
არც ეს ყოფილა დიდი პრობლემა, რადგან მე ხომ ვიცი, რომ რუდოლფი მაინც დაუძვრება ხელიდან, ჩემი პატიმარია და…  აბა რას იზამს?
შესაბამისად:
რუდოლფი ნაბიჯს ანელებს მოკარო ელემენტთან, ფრთხილად სწევს რაზას, (ჰე, რაზა-ც ჰქონია) და ფრთხილად შედის ოთახში. შესვლისთანავე ხვდება, რომ ეს სწორედ ის ადგილია, რაც არ უნდოდა, რომ ყოფილიყო. შორიდან საეჭვო ქშენა ისმის. რუდოლფი ჯერაც კართან დგას და ცოტა ხანს (ძალიან ცოტა, ასე ოთხიოდ წამს) ფიქრობს. შემდგომ ასევე ფრთხილად გამოდის უკან.
Prison-Cellsმაპატიეთ, მაგრამ, რუდოლფი, ნუ გავიწყდებათ და, ჩემი პატიმარია… და ინფერიუსებთან საბრძოლველად ვერ გავიმეტებდი, თანაც აუცილებლად უნდა გაემარჯვა.… კატერინას შთაგონების ქვეშ მყოფი, უფრო ზუსტად, ვიტყოდი, გაკატერინებული ადამიანი რას არ იზამს, მაგრამ უდავოდ ძნელი იქნებოდა ეგ საქმე, გავითვალისწინებთ რა, რომ რეჟისორს სამაგისოდ არც დრო აქვს და არც, გაგიკვირდებათ და, ენერგია.
რუდოლფი აღმოაჩენს, რომ მეგობარი უკვე გაქცეულია. მისი ნაბიჯების ხმა აღარც ისმის. რატომღაც დუმს ფსევდო-მდევარიც, რომელსაც, წესით და რიგით, რუდოლფი გამოსვლის პროცესში უნდა შესჩეხებოდა.
სამაგიეროდ:
აჟიტირება მოულოდნელი გადაწყვეტილებით, როგორიც იყო _ გაქცევა, სადღაც გაქრა.
რუდოლფი ნელი, გამოზომილი ნაბიჯებით განაგრძობს მოძრაობას სველ, მოლიპულ ციხის (ჩემი ციხის) დერეფანში (ჩემს დერეფანში), რომელიც ალბათ, სადმე გაიყვანს.

რეზიუმესავით: ეძღვნება (ინგლისურად “Dedicated”) გიოს, რომლის დებილი თავის ბრალია, მე რომ ღამღამობით ესეთ შტერ სიზმრებს ვხედავ.

2007 წელი

Advertisements
%d bloggers like this: