Tag Archives: რომანტიკა

შინაგან პრინცესებზედ

შესავლის მაგიერ: შეიცავს სპოილერებს ფილმზე “two weeks notice”. ავტორის სუბიექტური აზრით, ბევრს არაფერს დაკარგავთ არც პოსტის წაკითხვით (ალტერნატიული დანახარჯის სახით, გაგიფუჭდებათ ფილმი) და არც წაუკითხაობით (ნუ, სამაგიეროდ, ფილმით ისიამოვნებთ). ნება თქვენია.

გული ძალიან მტკივა.
აღვნიშნე გულში და ჩემი თინეიჯერობა გამახსენდა. არა იმიტომ, რომ ყველაფერი ადვილად მწყინდა და მერე თავი მებრალებოდა, არამედ იმიტომ, რომ ამ პერიოდში, რაღაც გაუცნობიერებელი თვითგანსაკუთრებულობის შეგრძნებით ვცხოვრობდი. შეგრძნებით, როცა ყოველგვარი მიზეზის გარეშე, დარწმუნებული ხარ, რომ ყველაფერი ზუსტად ისე გამოვა, როგორც შენ გინდა და მიზნის მისაღწევად შენ მაგიერ სამყარო იბრძვის.
ახლა კი დარწმუნებული ვარ, მე არც ერთადერთი ვარ და არც გამონაკლისი. ყველა გოგონას სრულიად გულში პატარა პრინცესა ცხოვრობს, რომელიც ზემოხსენებულ გოგონას საკუთარ ერთადერთობას შთააგონებს.
ჰოდა, ამ საკითხთან დაკავშირებით:

პრინცესებო, ჰოლივუდური რომანტიკული კომედია “two weeks notice” თუ გაქვთ ნანახი? მოკლედ, იდეა ასეთია, სანდრა ბულოკის ტანჯულ გმირს ჩუმად უყვარს ჰიუ გრანტის საშუალოსტატისტიკურად გამოთაყვანებული გმირი, რომელიც რასაკვირველია, ვერაფერს ხვდება და ეს ტანჯულაც არაფერს უმხელს. მერე, ბოთე მამრი გაიცნობს სრულიად უდანაშაულო, ცუდ დროს ცუდ ადგილზე აღმოჩენილ მანდილოსანს, რომელსაც მსუბუქად გაუმიჯნურდება. ეს ფაქტი უბიძგებს სანდრიკოს გადამწყვეტი ზომების მიღებაში და რამდენიმე წუთში, კლასიკური ჰეფი ენდიც მზადაა.
… რაც მაიძულებს, დავსვა კითხვა: ცუდ დროს, ცუდ ადგილზე მყოფმა მანდილოსანმა რა მიჰქარა ასეთი ცხოვრებაში? დავიჯერო, წინაპართა ცოდვამ უწია?
უცნაურია და, რატომღაც, ასეთ ადამიანებს საზოგადოება უგუვებელყოფს. ადამიანებს, რომლებიც არასდროს არიან პირველნი, რომელთა შინაგანი პრინცესა გაქელილი და მიწას გართხმულია.
ამის პარალელურად, არსებობს მეორე უკიდურესობა: როდესაც “მეორეებთან” ხდება ცხოვრების განსრულება და პირველი, ყოველთვის მიუწვდომლად რჩება. და, ამ “მეორემ” პირველის არსებობაზე ხანდახან სრულებითაც არაფერი იცის.
და, პრინცესა, შეგნებულად თუ შეუგნებლად, ამაზე დაბლა ვეღარასდროს დაეშვება.
დასასრულის მაგიერ, ვიტყვი ფრაზას, რაიცა ჯერ არასდროს თქმულა:
ცხოვრება არაა სამართლიანი მეგობრებო!
მაგრამ, მე გისურვებთ, თქვენი შინაგანი პრინცესები ყოველთვის, მარად რეალიზებულნი და გაფურჩქნულნი ყოფილიყვნენ…